შპს „ტრანსკომი“ | TAXI.GE
ძალაში შესვლის თარიღი: 14 ოქტომბერი, 2026 წელი
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს. აპლიკაციის ჩამოტვირთვით და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ წინამდებარე ზოგად წესებსა და პირობებთან სრულ და უპირობო თანხმობას.
1. ტერმინები და განსაზღვრებები
1.1. „კომპანია“ — შპს „ტრანსკომი“ (ს/კ: 206054605), რომელიც ფლობს და უზრუნველყოფს საინფორმაციო-სადისპეჩერო პლატფორმისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირებას და აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ოპერირებს სავაჭრო ნიშნით/ბრენდული სახელწოდებით „TAXI.GE“ (ვებგვერდი: www.taxi.ge ).
1.2. „აპლიკაცია“ — მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამა „TAXI.GE DRIVER“, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო-სადისპეჩერო პლატფორმის შემადგენელ ნაწილს და რომლის დანიშნულებაა აპლიკაციის მომხმარებლისთვის სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების ტექნიკური უზრუნველყოფა. აპლიკაცია არ წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საშუალებას და მისი გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ კომპანია თავად ახორციელებს სატრანსპორტო მომსახურებას.
1.3. „შეკვეთა“ — პლატფორმაზე განთავსებული მოთხოვნა მსუბუქი ავტომობილით სატრანსპორტო მომსახურების შესახებ, მოთხოვნის პარამეტრების შესაბამისად.
1.4. „მგზავრი“ — პირი, რომელიც შეკვეთის მეშვეობით ითხოვს ან იღებს მსუბუქი ავტომობილით სატრანსპორტო მომსახურებას.
1.5. „განაცხადი“ — ფიზიკური პირის მიერ აპლიკაციის სარეგისტრაციო ფორმაში შევსებული და კომპანიის განსახილველად წარდგენილი მონაცემები და დოკუმენტები.
1.6. „კანდიდატი“ — ფიზიკური პირი, რომლის განაცხადიც განხილვის პროცესშია.
1.7. „პარტნიორი“ — კანდიდატი, რომლის განაცხადი დამტკიცებულია კომპანიის უფლებამოსილი პერსონალის მიერ, რითაც მას მიეცა აპკლიკაციით სარგებლობის უფლება და შეკვეთებზე წვდომა.
1.8. „მგზავრობის მომსახურება“ — პარტნიორის მიერ შეკვეთის შესრულება, საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში.
1.9. „მგზავრობის საფასური“ — თანხა, რომელიც განისაზღვრება TAXI.GE-ის პლატფორმაში მოქმედი ტარიფებისა და წესების შესაბამისად.
1.10. „პარტნიორის პროფილი“ — პარტნიორის ინდივიდუალური ანგარიში, რომელიც კომპანიის პლატფორმაზე იქმნება განაცხადის დამტკიცების შემდეგ და რომლის მეშვეობით პარტნიორს ეძლევა წვდომა აპლიკაციის ფუნქციებზე. პროფილში ფიქსირედება პარტნიორის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ითვალისწინებს კომპანიის პლატფორმა
2. ზოგადი დებულებები და წესებისა და პირობების მიღება
2.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის მიერ წინასწარ და ცალმხრივად შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს, რომელთა მიღება და შესრულება სავალდებულოა აპლიკაციის შესაბამისი მომხმარებლისთვის მათი ელექტრონულად მიღების შემთხვევაში.
2.2. წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს TAXI.GE DRIVER აპლიკაციით სარგებლობისა და მისი მეშვეობით შეკვეთებზე წვდომის ძირითად პირობებს და წარმოადგენს პლატფორმით სარგებლობის მარეგულირებელი დოკუმენტების ერთიანი სისტემის ნაწილს, რომელიც მოიცავს აგრეთვე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.taxi.ge) გამოქვეყნებულ სხვა შესაბამის წესებს, ინსტრუქციებსა და პოლიტიკებს.
2.3. წინამდებარე წესებითა და პირობებითა და მის 2.2 პუნქტში მითითებული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობები პლატფორმის განვითარებასთან ერთად შეიძლება განახლდეს, შეიცვალოს ან დაემატოს ახალი სარეგულაციო დოკუმენტები.
2.4. აპლიკაციაში წინამდებარე წესებისა და პირობების ელექტრონულად მიღებით და რეგისტრაციის განაცხადის გაგზავნით ფიზიკური პირი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს, ეთანხმება მათ და იღებს ვალდებულებას დაიცვას ისინი.
2.5. პლატფორმისა და აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომ ინფორმაციასა და ტექნიკურ ინსტრუმენტებს კანდიდატი და/ან პარტნიორი იყენებს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისა და რისკის ფარგლებში. კანდიდატი და/ან პარტნიორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი მუნიციპალური რეგულაციების მოთხოვნები, მათ შორის მსუბუქი ავტომობილით (ტაქსით) მგზავრთა გადაყვანის, საავტომობილო ტრანსპორტის, საგზაო უსაფრთხოებისა და შესაბამისი ნებართვების/ლიცენზიების სფეროში.
3. პლატფორმის სტატუსი, ურთიერთობა და პარტნიორის დამოუკიდებლობა
3.1. კომპანია უზრუნველყოფს მხოლოდ საინფორმაციო-სადისპეჩერო პლატფორმისა და პროგრამული უზრუნველყოფის (აპლიკაციის) ფუნქციონირებას და არ ახორციელებს სატრანსპორტო მომსახურებას. კომპანია არ არის ტაქსოპარკი და არ წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების უშუალო მიმწოდებელს.
3.2. კომპანია მოქმედებს როგორც მგზავრებისა და პარტნიორების დამაკავშირებელი ტექნიკური/ინფორმაციული რგოლი და უზრუნველყოფს პარტნიორისთვის არსებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. სატრანსპორტო მომსახურებას პარტნიორი ახორციელებს დამოუკიდებლად, საკუთარი ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
3.3. წინამდებარე წესები და პირობები არ წარმოადგენს და არ წარმოშობს შრომით ხელშეკრულებას ან შრომით ურთიერთობას კომპანიასა და პარტნიორს შორის.
3.4. კომპანიასა და პარტნიორს შორის არ არსებობს ერთობლივი სამეწარმეო ურთიერთობა ან პარტნიორობა. პარტნიორი არ არის კომპანიის თანამშრომელი და არ არის უფლებამოსილი კომპანიის სახელით დადოს ხელშეკრულება ან აიღოს რაიმე ვალდებულება.
3.5. პარტნიორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის, რა დროის განმავლობაში და რომელ ტერიტორიაზე შეასრულებს აპლიკაციის მეშვეობით მისთვის ხელმისაწვდომ შეკვეთებს, მოქმედი წესებისა და კანონმდებლობის ფარგლებში.
3.6. პარტნიორი შეკვეთას იღებს შესასრულებლად ან შესრულებაზე უარს აცხადებს მოქმედი წესების შესაბამისად და საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული შეზღუდვა ან პროცედურა წინასწარ არის დადგენილი და პარტნიორს შესაბამისი წესით მიეწოდება.
3.7. პარტნიორი საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს შეკვეთების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობას, მათ შორის ავტომობილს, სმარტფონსა და ინტერნეტკავშირს.
3.8. პარტნიორი დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, მათ შორის საწვავის, ავტომობილის ამორტიზაციისა და ტექნიკური მომსახურების, დაზღვევის, მობილური ინტერნეტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით.
4. რეგისტრაცია და სტატუსის მინიჭების პროცესი
4.1. აპლიკაციით სარგებლობისთვის და კანდიდატად რეგისტრაციისთვის ფიზიკური პირი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას TAXI.GE DRIVER აპლიკაციის საშუალებით და აგზავნის განაცხადს.
4.2. განაცხადის შევსებისა და გაგზავნის შემდეგ ფიზიკურ პირს ენიჭება კანდიდატის სტატუსი.
4.3. კანდიდატის მიერ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები განიხილება კომპანიის უფლებამოსილი პერსონალის მიერ. საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოდგენა.
4.4. კანდიდატის სტატუსის პერიოდში ფიზიკურ პირს არ აქვს სისტემაში შესვლისა და შეკვეთებზე წვდომის შესაძლებლობა, სანამ მისი განაცხადი არ იქნება დამტკიცებული და მას არ მიენიჭება პარტნიორის სტატუსი.
4.5. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი იცვლება პარტნიორად, რის შემდეგაც პარტნიორს ეძლევა აპლკაციით სარგებლობის უფლება, მის ფუნქციებზე და შეკვეთებზე წვდომა
4.6. განაცხადის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კანდიდატი არ ხდება პარტნიორი და მას ეგზავნება სმს (SMS) შეტყობინება უარის მიზეზის მითითებით. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია განმეორებით წარმოადგინოს განაცხადი.
4.7. პარტნიორი ვალდებულია დროულად განაახლოს მის შესახებ რეგისტრირებული საკონტაქტო, საბანკო, სატრანსპორტო და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, თუ აღნიშნული ინფორმაცია შეიცვალა.
5. კანდიდატისა და ავტომობილის მოთხოვნები
5.1. კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 21 წლის ასაკის.
5.2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა.
5.3. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.
5.4. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა (ტექნიკური პასპორტი). აგრეთვე შესაძლოა მოეთხოვოს ტაქსით მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა და სხვა მონაცემი რომელსაც კომპანია ჩათვლის საჭიროდ. დამატებითი საბუთების ჩამონათვალს კანდიდატი მიიღებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
5.5. კანდიდატმა უნდა მიუთითოს მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის მობილური ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი.
5.6. ავტომობილს გავლილი უნდა ჰქონდეს კანონით დადგენილი ტექნიკური ინსპექტირება.
5.7. ეკონომ კლასის ავტომობილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს, ხოლო კომფორტის კლასის ავტომობილის — 10 წელს. ავტომობილის ასაკი ითვლება გამოშვების წლიდან.
5.8. ავტომობილის ძარა, სალონი და საბარგული უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული; სალონში არ უნდა იყოს მძაფრი ან არასასიამოვნო სუნი.
5.9. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის განხილვისა და დამტკიცების ერთ-ერთ საფუძველს. პარტნიორის სტატუსის მიღების შემდეგ პარტნიორი ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნები მუდმივად დაიცვას.
6. აპლიკაციით სარგებლობის წესი
6.1. პარტნიორს უფლება აქვს აპლიკაცია გამოიყენოს მხოლოდ პლატფორმიდან შემოსული შეკვეთების მიზნით და აპლიკაციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესაბამისად.
6.2. კანდიდატს პარტნიორის სტატუსის მინიჭებამდე არ აქვს შეკვეთებზე წვდომა.
6.3. პარტნიორის პროფილი არის ინდივიდუალური და არ შეიძლება გადაეცეს ან დაეთმოს სხვა პირს.
6.4. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების კონფიდენციალურობა და მიიღოს გონივრული ზომები მესამე პირის მიერ მის პროფილზე წვდომის თავიდან ასაცილებლად.
6.5. პარტნიორს ეკრძალება აპლიკაციის ან მისი კომპონენტების შეცვლა, კოპირება, გავრცელება, მოდიფიცირება, დეკომპილირება, დიზასემბლირება, დეშიფრაცია, არასანქცირებული წვდომის მცდელობა ან აპლიკაციის ფუნქციონირების დესტაბილიზაციის მცდელობა.
6.6. პარტნიორმა არ უნდა გამოიყენოს აპლიკაცია ისეთი ფორმით ან მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებს და პირობებს, კომპანიის მოქმედ წესებს და საქართველოს კანონმდებლობას.
7. შეკვეთების მიღებისა და შესრულების წესები
7.1. შეკვეთების მიღება და შესრულება შეუძლია მხოლოდ პარტნიორს, რომელსაც აქვს პარტნიორის პროფილი.
7.2. პარტნიორი აპლიკაციის საშუალებით იღებს მისთვის ხელმისაწვდომ შეკვეთებს.
7.3. შეკვეთის მიღების შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია შეასრულოს იგი შეკვეთის პირობებისა და კომპანიის მოქმედი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
7.4. შეკვეთის შესრულებისას პარტნიორმა უნდა დაიცვას მგზავრის ჩასხდომასთან, დანიშნულების ადგილზე მიყვანასთან, მგზავრობის მარშრუტთან და უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედი წესები და მოცემული შეკვეთის პარამეტრები.
7.4.1. პარტნიორს აპლიკაციის საშუალებით შეუძლია წინასწარ მიუთითოს, რომ თანახმაა ცხოველთან მგზავრობის შეკვეთების შესრულებაზე და/ან აქვს არასრულწლოვანი მგზავრის უსაფრთხო გადაყვანისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბავშვო სავარძელი. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პარტნიორის მიერ წინასწარ მითითებულ ხელმისაწვდომობის პარამეტრს.
7.4.2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეკვეთის შექმნისას ირჩევს ცხოველთან მგზავრობის ან საბავშვო სავარძლის საჭიროებას, პლატფორმა, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, ავტომატურად შეარჩევს და მომხმარებელს დაუკავშირებს იმ პარტნიორს, რომლის პროფილშიც შესაბამისი პარამეტრი წინასწარ არის მითითებული.
7.4.3. ცხოველთან მგზავრობის შემთხვევაში ცხოველი უნდა მგზავრობდეს მისი მფლობელის ან სხვა სრულწლოვანი თანმხლები პირის თანხლებით. თუ მომხმარებელს შეკვეთის განთავსებისას არ აქვს მითითებული ცხოველთან მგზავრობის საჭიროება, პარტნიორი უფლებამოსილია ადგილზე მისვლისას უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე. პარტნიორი ასევე უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე, თუ ცხოველთან მგზავრობის ფაქტობრივი პირობები არ შეესაბამება შეკვეთისას მითითებულ პირობებს ან უსაფრთხოების მოთხოვნებს.
7.4.4. თუ შეკვეთა ითვალისწინებს არასრულწლოვანი მგზავრის მგზავრობას და შეკვეთის პირობებით გათვალისწინებულია საბავშვო სავარძლის გამოყენება, მგზავრობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პარამეტრების მქონე სატრანსპორტო საშუალებით და მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
7.4.5. არასრულწლოვანი მგზავრი უნდა გადაადგილდებოდეს მხოლოდ სრულწლოვან თანმხლებ პირთან ერთად. პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტი და, მოთხოვნის შეუსრულებლობის, არასრულწლოვანი მგზავრის სრულწლოვანი თანმხლები პირის გარეშე ყოფნის ან შეკვეთის პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე.
7.5. შეკვეთასთან დაკავშირებული სპეციალური ტექნიკური ან ოპერატიული ინსტრუქციები შეიძლება პარტნიორს მიეწოდოს კომპანიის ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
7.6. პარტნიორი ვალდებულია შეკვეთის შესრულების პროცესში იმოქმედოს კეთილსინდისიერად, უსაფრთხოდ და მგზავრის მიმართ კორექტულად.
8. შეკვეთის გაუქმება და შესრულებაზე უარი
8.1. პარტნიორს უფლება აქვს უარი განაცხადოს შეკვეთის შესრულებაზე ან გააუქმოს უკვე მიღებული შეკვეთა, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ობიექტური მიზეზი:
8.1.1. მგზავრის ლოდინის ვადის ამოწურვა — პარტნიორი იმყოფება შეკვეთის მითითებულ მისამართზე და მგზავრი დადგენილ/აპლიკაციით განსაზღვრულ ლოდინის ვადაში არ გამოცხადდა.
8.1.2. შეკვეთაში არასწორი ან ცრუ ინფორმაციის მითითება — მგზავრის მიერ შეკვეთაში მითითებული ინფორმაცია არსებითად არასწორია ან არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, არასწორად მითითებული მისამართი, დანიშნულების ადგილი ან სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ხელს უშლის შეკვეთის სათანადოდ შესრულებას.
8.1.3. უსაფრთხოების რისკი ან კონფლიქტური სიტუაცია — წარმოიშვა გარემოება, რომელიც პარტნიორის, მგზავრის ან მესამე პირის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მათ შორის აგრესიული ან კონფლიქტური ქცევა, მუქარა, ძალადობის რისკი ან სხვა გარემოება, რომლის გამოც მგზავრობის გაგრძელება უსაფრთხოდ ან მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.
8.1.3.1 ცხოველთან მგზავრობის ან არასრულწლოვანი მგზავრის გადაყვანისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა — თუ შეკვეთის უსაფრთხოდ ან სათანადოდ შესრულება შეუძლებელია შესაბამისი უსაფრთხოების მოთხოვნების, აპლიკაციაში მითითებული პირობების ან შეკვეთის პარამეტრების დაუცველობის გამო.
8.1.4. მგზავრის მოთხოვნა შეკვეთის გაუქმების შესახებ — მგზავრი თავად ითხოვს შეკვეთის გაუქმებას ან აცხადებს უარს მგზავრობის გაგრძელებაზე.
8.1.5. ფორსმაჟორი ან ტექნიკური პრობლემა — შეკვეთის შესრულება შეუძლებელი ხდება პარტნიორის კონტროლის მიღმა არსებული გარემოების, ფორსმაჟორის, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობის, ავარიის, გზის ჩაკეტვის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო.
8.2. შეკვეთის გაუქმებისას ან შესრულებაზე უარის თქმისას პარტნიორი ვალდებულია, თუ შესაბამისი ტექნიკური ფუნქცია ხელმისაწვდომია, TAXI.GE DRIVER აპლიკაციაში მიუთითოს გაუქმების ან უარის შესაბამისი მიზეზი. აპლიკაციაში გათვალისწინებული იქნება ზემოაღნიშნული მიზეზებიდან შესაბამისი მიზეზის არჩევის შესაძლებლობა.
8.3. პარტნიორის მიერ შეკვეთების გაუქმების ან შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევები შეიძლება აღირიცხოს სისტემაში შესაბამისი მიზეზის მითითებით და გამოყენებულ იქნეს პარტნიორის მიერ აპლიკაციისა და მომსახურების წესების დაცვის შეფასების მიზნით.
8.4. თუ პარტნიორი შეკვეთებს ხშირად ან სისტემატურად აუქმებს, მათ შორის ზემოაღნიშნული მიზეზების მითითებით, კომპანიას უფლება აქვს შეაფასოს ასეთი შემთხვევების სიხშირე, საფუძვლიანობა და ხასიათი და, მოქმედი წესების შესაბამისად, გამოიყენოს შესაბამისი ზომები, მათ შორის პარტნიორის ანგარიშზე დროებითი ან მუდმივი შეზღუდვის/ბლოკირების დაწესება.
8.5. შეკვეთების გაუქმებასთან და შესრულებაზე უართან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები, ლოდინის ვადა, ტექნიკური ფუნქციები და სხვა პირობები პარტნიორს წინასწარ მიეწოდება აპლიკაციის ან სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებით.
9. მგზავრობის საფასური, საკომისიო და ანგარიშსწორება
9.1. მგზავრობის საფასური განისაზღვრება აპლიკაციაში მოქმედი ტარიფებისა და წესების შესაბამისად.
9.2. კომპანია აპლიკაციისა და საინფორმაციო-სადისპეჩერო პლატფორმის მომსახურებისთვის აწესებს საკომისიოს, რომლის ოდენობა და გაანგარიშების წესი განისაზღვრება კომპანიის მიერ და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს. საკომისიოს ცვლილების შესახებ პარტნიორს ინფორმაცია მიეწოდება წინასწარ, აპლიკაციის ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
9.3. პარტნიორთან ანგარიშსწორება ხორციელდება პარტნიორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ.
9.4. შეკვეთის უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში პარტნიორის კუთვნილი თანხა, მოქმედი საკომისიოსა და სხვა შესაბამისი ჩამოჭრების გათვალისწინებით, აისახება პლატფორმაზე პარტნიორის ბალანსზე და ექვემდებარება პარტნიორის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვას 9.3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
9.5. შეკვეთის ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მგზავრობის საფასურს პარტნიორი იღებს უშუალოდ მგზავრისგან, ხოლო კომპანიის საკომისიო იქვითება პარტნიორის ბალანსიდან.
9.6. ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთების შესრულებისთვის პარტნიორს პლატფორმაზე უნდა ჰქონდეს კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის შესაბამისი ბალანსი. თუ პარტნიორის ბალანსზე არ არის შესაბამისი თანხა, პარტნიორს შეუძლია აპლიკაციას მიაბას მის მიერ მითითებული საბანკო ბარათი და მისი მეშვეობით შეავსოს საკუთარი ბალანსი.
9.7. პარტნიორს აპლიკაციის შესაბამისი ფუნქციონალის ფარგლებში შეუძლია გაეცნოს მის ბალანსს, შესრულებული შეკვეთებიდან დარიცხულ თანხებს და ჩამოჭრილ საკომისიოს.
9.8. კომპანია უფლებამოსილია მომავალში დანერგოს ან გაააქტიუროს პარტნიორისთვის თანხების მიღების, დაგროვების, გადარიცხვის ან გატანის დამატებითი ფუნქციონალი, მათ შორის პარტნიორის მიერ მისთვის ხელმისაწვდომი თანხის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერ დროს მიღების შესაძლებლობა. ასეთი ფუნქციონალის პირობები და გამოყენების წესი განისაზღვრება მისი ამოქმედებისას და წინასწარ ეცნობება პარტნიორს.
9.9. ტარიფების, საკომისიოს, გადახდის მეთოდების, ბალანსის შევსების ან ანგარიშსწორების წესების ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია პარტნიორს მიეწოდება აპლიკაციის ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
9.10. პარტნიორს ასევე შეუძლია ისარგებლოს მოქმედი ბონუსური პროგრამებით შესაბამისი პირობების შესრულების შემთხვევაში. ბონუსების პირობები, ოდენობა და მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის პირობებით და პარტნიორს მიეწოდება აპლიკაციის ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით. ბონუსების კუთნილი ოდენობა აისახება პარტნიორის ბალანსზე.
10. პარტნიორის უფლებები და ვალდებულებები
10.1. პარტნიორს უფლება აქვს ისარგებლოს აპლიკაციით მისთვის მინიჭებული აქტიური სტატუსისა და მოქმედი პირობების ფარგლებში.
10.2. პარტნიორს უფლება აქვს მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი შეკვეთები და ჰქონდეს ინფორმაცია შესრულებულ მგზავრობებთან და შესაბამის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით აპლიკაციის ფუნქციონალის ფარგლებში.
10.3. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, საგზაო მოძრაობის წესები, უსაფრთხოების მოთხოვნები, კომპანიის მომსახურების სტანდარტები და წინამდებარე წესები და პირობები.
10.3.1. ცხოველთან მგზავრობის (Pet Taxi) შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დაიცვას შესაბამისი შეკვეთისთვის განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნები და არ დაუშვას ცხოველის ისეთი განთავსება ან გადაადგილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მგზავრს, პარტნიორს, სხვა პირებს ან სატრანსპორტო საშუალებას.
10.3.2. არასრულწლოვანი მგზავრის გადაყვანის შემთხვევაში პარტნიორი ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის, საგზაო მოძრაობის წესებისა და აპლიკაციით ან შესაბამისი შეკვეთის პირობებით განსაზღვრული უსაფრთხოების მოთხოვნები.
10.4. პარტნიორი ვალდებულია დაიცვას მგზავრის პირადი ინფორმაცია და არ გაამჟღავნოს იგი კანონით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე.
10.5. პარტნიორი ვალდებულია არ მისცეს წვდომა სხვა პირს საკუთარ პროფილზე.
10.6. პარტნიორი ვალდებულია დროულად განაახლოს მის შესახებ რეგისტრირებული მონაცემები, თუ ისინი შეიცვალა.
11. მგზავრთან კომუნიკაცია და მონაცემების გამოყენება
11.1. შეკვეთის შესრულების მიზნით პარტნიორს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ შეკვეთის შესასრულებლად.
11.2. მიმდინარე შეკვეთის ფარგლებში პარტნიორისა და მგზავრის საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი გეოლოკაციის მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მომსახურების ორგანიზებისა და შესრულებისთვის მოქმედი ტექნიკური ფუნქციონალის ფარგლებში.
11.3. მიმდინარე შეკვეთის დასრულების ან გაუქმების შემდეგ მგზავრის საკონტაქტო მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით ან შესაბამისი უფლებამოსილი საფუძვლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
11.4. პარტნიორს ეკრძალება მგზავრის პერსონალური მონაცემების შენახვა, გამოყენება ან მესამე პირისთვის გადაცემა მომსახურებასთან დაუკავშირებელი მიზნით.
11.5. პერსონალური მონაცემების დამუშავების დეტალური პირობები განისაზღვრება კომპანიის პარტნიორის/კანდიდატის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც განთავსებულია კომპანიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.taxi.ge )
12. გეოლოკაცია და ტექნიკური ფუნქციონალი
12.1. TAXI.GE DRIVER-ის ფუნქციონირებისთვის პარტნიორის გეოლოკაციის მონაცემები შეიძლება დამუშავდეს პარტნიორის აქტიური ცვლის სტატუსის პერიოდში, შეკვეთების განაწილების, მომსახურების ორგანიზების, უსაფრთხოებისა და შესაბამისი ტექნიკური ფუნქციების უზრუნველსაყოფად.
12.2. აპლიკაციის ფუნქციონირებისას პარტნიორის გეოლოკაცია შესაძლოა დამუშავდეს ფონურ რეჟიმშიც, როდესაც აპლიკაცია მინიმიზებულია ან დახურულია, თუ პარტნიორი იმყოფება აქტიურ ცვლაში.
12.3. აპლიკაციის გამართული ფუნქციონირებისა და შესაბამისი ფუნქციების გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს მოწყობილობის ფაილებზე წვდომის, Push Notifications-ის, გეოლოკაციისა და სხვა საჭირო ფუნქციების შესაბამისი ნებართვების მინიჭება.
12.4. კომპანია უზრუნველყოფს სადისპეჩერო პლატფორმის მეშვეობით პარტნიორის ანგარიშის, კანდიდატის განაცხადის, პროფილისა და შესაბამისი მონაცემების მართვას.
12.5. მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები, საფუძვლები და ვადები განისაზღვრება აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
13. აკრძალული ქმედებები
13.1. პარტნიორის პროფილის სხვა პირისთვის გამოყენების უფლების გადაცემა.
13.2. პარტნიორის პროფილზე წვდომის მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა.
13.3. მგზავრის მიმართ შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი ან დისკრიმინაციული ქცევა.
13.4. მგზავრის პირადი ინფორმაციის ან მგზავრობის შესახებ ინფორმაციის არასათანადო გამჟღავნება.
13.5. მომსახურების გაწევისას ალკოჰოლის ან სხვა ისეთი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, რომელიც უსაფრთხო მართვას შეუძლებელს ან სახიფათოს ხდის.
13.6. აპლიკაციის ტექნიკური ფუნქციონირების ხელყოფა, არასანქცირებული წვდომის მცდელობა ან სხვა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება აპლიკაციის გამოყენების წესებს.
14. კომპანიის უფლებები და ვალდებულებები
14.1. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკაციის ფუნქციონირება და პარტნიორისთვის შესაბამის შეკვეთებზე ტექნიკური წვდომის მიწოდება.
14.2. კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი ან მოქმედი წესების დარღვევასთან დაკავშირებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს პარტნიორის ანგარიშის გამოყენება.
14.3. კანდიდატის განაცხადს განიხილავს კომპანიის უფლებამოსილი პერსონალი და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების ან უარყოფის შესახებ.
14.4. ანგარიშის შეზღუდვის ან შეჩერების კონკრეტული საფუძვლებისა და მოქმედი პროცედურის შესახებ პარტნიორს ინფორმაცია მიეწოდება კომპანიის მიერ კანონმდებლობითა და მოქმედი პირობებით გათვალისწინებული წესით.
14.5. კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს აპლიკაციის ტექნიკური მომსახურება, განახლება და ფუნქციონირებაში ცვლილებების შეტანა. ასეთ პერიოდში აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება დროებით შეზღუდული იყოს.
14.6. კომპანია პასუხისმგებელია თავისი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14.7. კომპანია არ აგებს პასუხს აპლიკაციის შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია პარტნიორის მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტკავშირის ან კომპანიის კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული სხვა ტექნიკური მიზეზით.
15. პარტნიორის პასუხისმგებლობა
15.1. პარტნიორი პასუხისმგებელია მის მიერ მომსახურების გაწევისას მოქმედი კანონმდებლობის, საგზაო მოძრაობის წესების, უსაფრთხოების მოთხოვნების, კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვაზე.
15.2. პარტნიორი დამოუკიდებლად აგებს პასუხს შეკვეთის შესრულების დროს მგზავრისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.3. პარტნიორი პასუხისმგებელია მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე, თუ ასეთი ზიანი დაკავშირებულია მის ქმედებასთან ან უმოქმედობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15.4. პარტნიორი დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებებზე და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი საქმიანობა დაარეგისტრიროს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია არ წარმოადგენს პარტნიორის საგადასახადო აგენტს, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
15.5. პარტნიორისთვის დამატებითი აკრძალვები და შეზღუდვები შეიძლება განისაზღვროს კომპანიის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით, რის შესახებაც პარტნიორს წინასწარ ეცნობება.
16. პარტნიორის პროფილის შეზღუდვა, შეჩერება ან შეწყვეტა
16.1. კომპანია უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს პარტნიორის მიერ მისი პროფილის გამოყენება, თუ არსებობს წინამდებარე წესებისა და პირობების, მოქმედი კანონმდებლობის, უსაფრთხოების მოთხოვნების ან მომსახურების სტანდარტების დარღვევის საფუძვლიანი ეჭვი.
16.2. პროფილის შეზღუდვა ან შეჩერება ასევე შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური, უსაფრთხოების ან სამართლებრივი მიზეზებით.
16.3. პარტნიორს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება კომპანის მიერ კანონმდებლობითა და მოქმედი პირობებით გათვალისწინებული წესით.
17. ფორსმაჟორი
17.1. მხარეები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული დაუძლეველი ძალის გარემოებებით.
17.2. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში მხარემ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნული გარემოების შესახებ და მიუთითოს მისი გავლენა შესაბამის ვალდებულებებზე.
18. საჩივრები და დავების გადაწყვეტა
18.1. პარტნიორს შეუძლია კომპანიას მიმართოს მომსახურებასთან, ანგარიშთან, ანგარიშსწორებასთან ან წინამდებარე წესებისა და პირობების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გამო.
18.2. კომპანიასთვის მიმართვა შესაძლებელია კომპანიის მიერ მითითებული ოფიციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
18.3. მხარეები ცდილობენ წარმოშობილი დავები და უთანხმოებები პირველ რიგში შეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით მოაგვარონ.
18.4. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19. წესებისა და პირობების ცვლილება
19.1. კომპანია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.
19.2. ცვლილებების შესახებ პარტნიორს ინფორმაცია მიეწოდება აპლიკაციის ან სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
19.3. წესებისა და პირობების ახალი ვერსია ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან შესაბამისი პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
19.4. წესებისა და პირობების ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების პირობებთან, ტარიფებთან, საკომისიოსთან, ბონუსებთან ან ანგარიშსწორების წესებთან, პარტნიორს მიეწოდება შესაბამისი ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებით.
20. ინტელექტუალური საკუთრება და აპლიკაციის გამოყენება
20.1. TAXI.GE DRIVER აპლიკაციაზე, მის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, დიზაინზე, ტექნიკურ გადაწყვეტებსა და შესაბამის მასალებზე არსებული უფლებები ეკუთვნის შესაბამის უფლებამოსილ პირს/პირებს.
20.2. პარტნიორს ენიჭება მხოლოდ აპლიკაციის გამოყენების შეზღუდული უფლება იმ მიზნებისთვის და იმ წესით, რაც განსაზღვრულია წინამდებარე წესებითა და პირობებით.
20.3. პარტნიორს არ აქვს უფლება აპლიკაცია ან მისი ნაწილი დააკოპიროს, გაავრცელოს, გაყიდოს, გააქირაოს, შეცვალოს ან სხვა ფორმით გამოიყენოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გაუთვალისწინებელი მიზნით.
21. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
21.1. კომპანიის მიერ კანდიდატისა და პარტნიორის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კომპანიის პარტნიორის/კანდიდატის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
21.2. კანდიდატი და პარტნიორი უნდა გაეცნონ კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დაიცვან მისი მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია მათ მონაცემებთან და მგზავრისა და სხვა პირების პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან.
21.3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთობის შესაბამის დოკუმენტს და არ ცვლის წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრულ მომსახურებისა და აპლიკაციით სარგებლობის პირობებს.
22. დასკვნითი დებულებები
22.1. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის ფიზიკური პირის მიერ მათი პირობების ელექტრონულად მიღებისა და რეგისტრაციის განაცხადის გაგზავნის მომენტიდან. წინამდებარე წესებსა და პირობებზე ელექტრონული თანხმობის გამოხატვა და რეგისტრაციის განაცხადის გაგზავნა წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძველს, ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
22.2. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს განაცხადის დამტკიცებას ან პარტნიორის სტატუსის მინიჭებას.
22.3. პარტნიორის სტატუსის მინიჭების შემდეგ პარტნიორი აპლიკაციას იყენებს წინამდებარე წესებისა და პირობების და კომპანიის მიერ დადგენილი მოქმედი წესების შესაბამისად.
22.4. თუ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, ეს არ იმოქმედებს სხვა დებულებების მოქმედებაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
22.5. წინამდებარე წესებითა და პირობებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება კომპანიის მოქმედი წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
23. კომპანიის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია
23.1. საფირმო სახელწოდება: შპს „ტრანსკომი“
23.2. საიდენტიფიკაციო ნომერი: 206054605
23.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, არტურ ლაისტის ქუჩა №4, სართული 2, ბინა №3, ბლოკი 11ა
23.4. ვებგვერდი: www.taxi.ge
23.5. ელექტრონული ფოსტა: Info@taxi.ge